მინერალების სახელწოდება
მინერალის სახელის დარქმევისას რაიმე შეზღუდვები და გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული სისტემა არ არსებობს. არსებობს ზოგიერთი რეკომენდაცია, რომლის მიხედვით მინერალს სახელი შეიძლება დაერქვას რომელიმე ფიზიკური თვისების, ქიმიური შედგენილობის, აღმოჩენის ადგილის მიხედვით ან მინერალთა კოლექციონერების, გამოჩენილი მეცნიერების, ოფიციალური ან საზოგადო მოღვაწეების, მაღაროს მეპატრონეების პატივსაცემად და სხვ.
მინერალთა კოლექციონერების, გამოჩენილი მეცნიერების ან საზოგადო მოღვაწეების, მაღაროს მეპატრონეების პატივსაცემად მინერალების სახელის დარქმევის მაგალითებად გამოდგება: ბიოტიტი (ფრანგი ფიზიკოსის, ჟან ბატისტ ბიოს პატივსაცემად), გოეთიტი (გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ი.გოეთეს პატივსაცემად), ბორნიტი (ავსტრიელი მინერალოგისა და მეცნიერის, იგნაციუს ფონ ბორის პატივსაცემად) და სხვ.
აღმოჩენის ადგილის მიხედვით სახელი დაერქვა არაგონიტი (არაგონია, ესპანეთი), ილმენიტი (ილმენის მთები, ურალი), ანგლეზიტი (კუნძული ანგლეზი) და სხვ.
ქიმიური შედგენილობის მიხედვით სახელი დაერქვა კუპრიტი (სპილენძის შემცველობის გამო), ცირკონი (ცირკონის შემცველობის გამო), ქრომიტი (ქრომის შემცველობის გამო) და სხვ.
განსაკუთრებული სიძნელეები იქმნება მაშინ, როდესაც ერთი და იგივე მინერალი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება. მოცემულ შემთხვევაში პრიორიტეტის წესით მინერალს უნდა შეუნარჩუნდეს ის სახელი, რომელიც მას პირველად ეწოდა.
მინერალთა სახელებად ჩვეულებრივ გამოიყენება ბერძნული ან ლათინური ტერმინები, რომელთა დიდი უმრავლესობა ’’იტ’’-ით მთავრდება (ქართულად მას ემატება ’’ი’’, მაგალითად პირიტ-ი, მარკაზიტ-ი, არსენოპირიტ-ი და სხვ.).
Comments
Post a Comment